
აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე დე ფაქტო საზღვარი დროებით გახსნა მათთვის, ვინც მკურნალობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადიოდა და სახლში დაბრუნება სურს.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა ექიმ-სანიტარმა, ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.
ამავე ცნობით, ენგურის ხიდზე განთავსებულ გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
გარდა ამისა, მათ თან უნდა იქონიონ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დამდასტურებელი საბუთი.
აღნიშნულის არქონის შემთხვევაში, მათ ბიოლოგიურ მასალას აუღებენ, რომელიც გამოსაკვლევად გაიგზავნება.
მოქალაქეებმა, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთენ ენგურზე, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა დაიცვან, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს, უსაფრთხოების და სასამართლო - საექსპერტო სამსახურები გაუწევენ მონიტორინგს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სოხუმმა ენგურის ხიდი 14 მარტს ჩაკეტა.