
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2020 წლის მარტის ბოლოდან ყველა სადგურზე დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების კლება. რამ გამოიწვია დადებითი ცვლილება და როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი, "რეზონანსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე ესაუბრა.
"რეზონანსი": რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება?
მარინე არაბიძე: გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით რვა ავტომატური სადგურის საშუალებით ახორციელებს. მონიტორინგი მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში. სადგურებზე უწყვეტ რეჟიმში ისაზღვრება აზოტის ოქსიდების, გოგირდის დიოქსიდის, ოზონის, ნახშირჟანგისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები.
2020 წლის მარტის ბოლოდან ყველა სადგურზე დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების კლება. ეს ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით იკლო ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობამ, რაც დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.
"რეზონანსი": განსაკუთრებით რომელ ქალაქებში და რეგიონებში გაუმჯობესდა ვითარება?
მარინე არაბიძე: როგორც აღვნიშნეთ, ყველა სადგურზე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლება, თუმცა იმ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, უფრო მეტად აღინიშნა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე.
მაგალითად, თუ, 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებით, აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია თბილისში წერეთლის გამზირზე იყო 60 მკგ_მ3, რაც შესაბამის ზღვრულ მნიშვნელობას (40მკგ/მ3) აჭარბებდა 1,5-ჯერ, 2020 წლის აპრილში ეს მონაცემი შეადგენს მხოლოდ 26 მკგ/მ3 და ნორმის ფარგლებშია. ასევე, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, 2019 წელს ფიქსირდებოდა 35 მკგ/მ3,ხოლო 2020 წლის აპრილში საშუალო წლიური კონცენტრაცია 19 მკგ/მ3 დაფიქსირდა და მისი მნიშვნელობაც არ აღემატებოდა ნორმას.
ქალაქ ბათუმში, 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებით, აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია იყო 62 მკგ/მ3, რაც ზღვრულ მნიშვნელობას აღემატებოდა 1,6-ჯერ, ხოლო 2020 წლის აპრილში საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში - 37მკგ/მ3 დაფიქსირდა.
"რეზონანსი": რამდენადაც ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ ავტომანქანები ითვლება, რა გავლენა მოახდინა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების დანერგვამ საქართველოში. რამდენად შეცვალა მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ?
მარინე არაბიძე: ქვეყანაში არსებული ავტოპარკის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვა სრული მასშტაბით დასრულდა 2019 წლის ბოლოს და, შესაბამისად, ამ ღონისძიების შედეგად ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მსჯელობის შესაძლებლობა გვექნება 2020 წლის ბოლოსთვის.
"რეზონანსი": 2020 წლის განმავლობაში იგეგმება თუ არა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების ამოქმედება და სხვა რა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ამ კუთხით?
მარინე არაბიძე: 2020 წლის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი გაგრძელდება არსებულ სადგურებზე, ხოლო ახალი სადგურების შეძენა იგეგმება 2021-2022 წლებში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე 25 ქალაქში ატარებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს, რომლის დროსაც ისაზღვრება ბენზოლის, აზოტის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციები. გაზომვების მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დასახლებული პუნქტების წინასწარ შერჩეულ წერტილებში წარმოებს ინდიკატორული მილაკების განთავსება. მილაკების ქიმიური ანალიზი ტარდება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. 2020 წელს ინდიკატორული გაზომვების ჩატარება დაგეგმილია ივნისში,სექტემბერსა და ნოემბერში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge. ეს მონაცემები, ევროპის ქალაქების მონაცემებთან ერთად, ასევე განთავსებულია ევროპის გარემოს სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე airindex.eea.europa.eu. ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტო ვებ-გვერდზე nea.gov.ge ყოველთვიურად აქვეყნებს საინფორმაციო ბიულეტენს "მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ", რომელშიც შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში" განხორციელება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ტექნიკური მომსახურებისა და ახალი ანალიზების დანერგვის შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით. ჩატარდა სააგენტოს სპეციალისტების ტრენინგები. ამჟამად მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმის (გზამკვლევის) და მონაცემთა ვერსიფიკაციისა და ვალიდაციის სახელმძღვანელოს შემუშავება.
მიმდინარე წელს სააგენტოში შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევებზე და განახლებული მონაცემები მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება ყველა პირისთვის.