
ყოველთვიურად მოსახლეობის შემოსავლები 150-200 მილიონ ლარამდე მცირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა 100 ათას ადამიანს შეადგენს. შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლების მხრიდან სიების წარდგენა ამ ეტაპზეც გრძელდება. შესაბამისად, მუდმივად მატულობს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო ადგილები დაკარგეს. ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ უმუშევართა არმია, რომ ექვსნიშნა რიცხვით იქნება გამოხატული, ეს უდავოა.
ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ ეტაპზე ეს მონაცემი დაახლოებით 100 ათასამდე გაიზარდა და სამომავლოდ კიდევ მოიმატებს.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში (100 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების შემთხვევაში), მოსახლეობის შემოსავლებს 200 მილიონ ლარამდე დააკლდება, რაც საკმაოდ სავალალო მაჩვენებელია, თანაც ამაში აგრარული ტიპის შემოსავლები არ შედის.
,,2020 წელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დასაქმების კუთხით უმძიმესია. ყველაზე მკვეთრი ვარდნის მაჩვენებელია. ამ პერიოდზე გაიარა ბიზნესისა და ეკონომიკური აქტიურობის გაჩერების პიკმა. შესაბამისად, დასაქმებამ და ეკონომიკურმა აქტივობამ იკლო. იმის მიხედვით, რა მოხდება მაისის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ივნისის დასაწყისში, შემოსავლებთან დაკავშირებული სტატისტიკაც შეიცვლება. მაგალითად, თანდათანობით ნება დართულია სამშენებლო სამუშაოები, სტომატოლოგიური და სილამაზის სალონების მომსახურება, რის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვაც უნდა მოიხსნას. იქნება შესაძლებლობა, რომ უმუშევართა რაოდენობა რამდენამდე შემცირდეს, მაგრამ აუცილებელი გახდება დასაქმების სტრუქტურის ფორმატირება“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ და დასძენს, რომ დასაქმების მთლიანი შემცირების ფონზე ზოგიერთი საქმიანობის მიხედვით აშკარად შემცირდება წარმოების ტემპი. სახეზეა შემოსავლების მკვეთრი კლება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის მიუახლოვდება იგი თუნდაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
,,სერიოზული პრობლემაა სავაჭრო ობიექტებში, არასასურსათო საქონლის ბაზარზე, რესტორნებში, კაფეებში და ასევე ე.წ. შთაბეჭდილების ეკონომიკაში, ამაში ვგულისხმობ ტურიზმს, კინოს, თეატრს და მუზეუმებს. მომდევნო 2-3 კვირაშიც მსოფლიო მასშტაბით უმუშევრობა მკვეთრად მოიმატებს და მდგომარეობიდან გამოსვლას გაცილებით მეტი დრო, მინიმუმ, 2-3 კვარტალი მაინც დასჭირდება.
ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 100 ათასმა დაქირავებით დასაქმებულმა დაკარგა სამუშაო. მონაცემები ჯერ კიდევ უნდა დაზუსსტდეს. უმუშევართა რანგში ამ ადამიანების გადაყვანა ნიშნავს შემოსავლების გრკვეული დონით შემცირებას. ეს არის სადღაც 12-13%-ის ფარგლებში. ამ დროს ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები იყო დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარამდე, რაშიც აგრარული სექტორის შემოსავლები არ შედის. მოსახლეობას დააკლდება სადღაც თვეში 150-200 მილიონ ლარამდე შემოსავალი, ესეც ყველაზე უხეში გათვლებით, რაც საგანგაშო მაჩვენებელია“, - განმარტავს სტატისტიკოსი.
კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. როგორც მან ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა, სიების მიწოდების მხრივ შემოსავლების სამსახურს პრობლემა არ აქვს და კომპენსაციას მიიღებს ყველა ადამიანი, რომელიც ოფიციალურად დასაქმებული იყო და ეპიდემიის მიზეზით სამუშაო დაკარგა.
,,ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემა არ შეიქმნას. თუკი სიები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მიწოდებული, მხოლოდ იმის გამო, რომ მიმდინარეობს კონკრეტული შემთხვევების დაზუსტება. კომპანიები მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ არ იყოს რაიმე ტიპის შეცდომა. გარკვეული საფრთხე არსებობს, ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ძალიან სწრაფად მოეკიდოს ამ საკითხს.
მსხვილმა კომპანიებმა დეტალურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. ერთია, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც აპრილამდე არიან გაშვებული, მათი სიის წარდგენა უნდა მოხდეს 15 ივლისამდე. მაისში ვინც დაკარგა სამსახური, 5 თვის კომპენსაციას მიიღებს. ვფიქრობთ, რომ ყველა მტკივნეული თემა გადავფარეთ. მთავარი საკითხი იყო, უნდა წარედგინა თუ არა კომპანიას ის თანამშრომელი, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა სამსახური, თუმცა ცალსახად არის ნათქვამი, რომ სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც პანდემიის გამო დაკარგა შემოსავალი, ანუ თუ ისედაც დაკარგავდა სამსახურს, სიაში ვერ მოხვდება. ადამიანები დარჩებიან კომპენსაციის გარეშე თუ დამსაქმებელი ამ სიას არ წარადგენს, თუმცა არ მგონია, მოტივაცია ჰქონდეს ვინმეს, რომ არ წარადგინოს სია, რადგან ეს მისი გადასახდელი ეს თანხა არ არის“, - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძენს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არის შედეგი, რომ ბიზნესს აქვს პრობლემა და ის იძულებულია, საკუთარი აქტივობა შეამციროს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.