ასეთ გამოვალ მდგომარეობაში სასტუმროების მფლობელები არასდროს ყოფილან
ნინა გარდაფხაძე
25.05.2020

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი აღდგება, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ვიზიტორების მიღებისთვის მზად იქნება. სექტორი დილემის წინაშეა, გაზარდოს ფასი და ამით დააკომპენსიროს დამსვენებელთა მცირე რაოდენობა, თუ შეამციროს ფასი და ამით მოიზიდოს ტურისტები. ყველაფერი მაინც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაციაზეა დამოკიდებული, რითიც გაირკვევა, რა შეზღუდვების პირობებში მოუწევთ მუშაობა კვებისა და განთავსების ობიექტებს. 

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, 7 მაისს წარმოადგინა. ეკონომიკის განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საწყის ეტაპზე, ანუ ივლისიდან, როცა საქართველოში ტურისტული სეზონი გაიხსნება, საკმაოდ რეალურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს “ჯორჯიან ეარვეიზთან”, რათა რეგულარული ფრენა სულ მცირე ორი მიმართულებით მაინც განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში ქართულ ავიაკომპანიას მთავრობა მხარდაჭერის პაკეტს შესთავაზებს. თურნავა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რომელი მიმართულებით აღადგენს ივლისიდან რეისებს “ჯორჯიან ეარვეიზი”.

ახლა მთავარი ის არის, რამდენი ტურისტი მოინდომებს საქართველოში ჩამოსვლას პანდემიის პარალელურად და როგორი იქნება სექტორის შემოსავალი რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პრიორიტეტად იქცა და ეკონომიკის ხერხემლად სახელდებოდა. 

ზაფხულის სეზონი, რომელიც სულ რაღაც ორ კვირაში დაიწყება, შიგა ტურიზმისათვის და 1 თვეში ქვეყნის საზღვრებიც გაიხსნება, ნამდვილად არ იქნება იმდენად აქტიური როგორიც წინა წლებში, როცა ვიზიტორთა რაოდენობა გამუდმებით იზრდებოდა. ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია როგორი იქნება ფასები. 

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმა უკე წარდგენილია, ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მიმდინარე კვირაში აპირებენ პრეზენტაციის გამართვას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, გაიდლაინები, თუ რა პირობებში მოუწევთ დასვენება ტურისტებს და რა სტანდარტების დაკმაყოფილება - განთავსების ობიექტებს. სექტორში დასაქმებულები ამბობენ, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მომსახურების ღირებულება. 

სვანეთში არსებული მცირე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა რეგულაციების შესრულება მოუწევთ და ასევე იმაზეც, რამდენი სტუმარი ეყოლებათ. 

,,ძალიან დაბნეულები ვართ. ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, რისი შესრულება მოგვიწევს და როგორი იქნება წესები ჩვენთვის. საერთოდ გვექნება თუ არა სეზონი, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამ სიტუაციაში წარმოუდგენელია რამეზე წინასწარ საუბარი. ერთი მხრივ, სტუმრების მოსაზიდად დაბალი ფასი უნდა გვქონდეს, ხოლო მეორე მხრივ, დაბალი ფასის პირობებში, წარმოუდგენელია ცოტა სტუმრით და ბევრი რეგულაციით როგორ უნდა შევძლოთ არსებობა. 

ჯერ ისედაც, ზამთრის სეზონზე დაგვიანებული თოვლის გამო დეკემბრისა და იანვრის პირველი ნახევარი ჩავარდა. მერე 3 კვირა ვიმუშავეთ და მსოფლიოში ეპიდემია დაიწყო, ამიტომ ჯავშნები გაგვიუქმდა თითქმის 90%-ით. არ ვიცი, როგორ შევძლებთ ამ წლის გადატანას“, - ამბობენ ,,მესტიაპლაზაში.“.

განსაკუთრებულ სირთულეებზე საუბრობენ ქობულეთში, ბინების გამქირავებლები, რომელთა სტუმრების უმეტესობა მეზობელ ქვეყნებზე მოდიოდა. ნანა ზოიძე ,,ბიზნეს-რეზონანსს“ უყვება, რომ ახლო სამეზობლოში კვლავ რთული ეპიდსიტუაციაა და შესაბამისად, მძიმე მოლოდინი აქვთ. 

,,მეც და ჩემს ყველა მეზობელს და ნაცნობსაც ბანკის ვალი გვაქვს. სახლები სესხით გავაკეთეთ ისე, რომ სტუმრების მიღება შეგვძლებოდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ გაქირავებას ვერ ვახერხებთ, რადგან ვირუსის საფრთხემ რამდენადაც ევროპაში გადაიარა, იმდენად გართულდა სიტუაცია სამეზობლოში. ჩვენი სტუმრების ძირითად ნაწილი, როგორც იცით, სომხეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან არიან. იქ ახლა ისეთი ვითარებაა, შეიძლება, მთელი წელი ტურისტები მათგან ვერც მივიღოთ. 

მთავრობას რომ ვუსმენ, ამბობენ, რომ უსაფრთხო ქვეყნებიდან გვეყოლება სტუმრები. ჩვენს ირგვლივ უსაფრთხო არც ერთი არაა და არ ვიცი, საერთოდ იქნება თუ არა დამსვენებელი წელს. ამიტომ როგორ უნდა გითხრათ, გავზრდით თუ შევამცირებთ ფასებს?“ - თქვა ნანა ზოიძემ. 

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად შიგა ტურიზმზე იყვნენ დამოკიდებულნი, მაინც დიდ გაურკვევლობაში არიან ანაკლიაში საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც. 

,,თბილისში ვცხოვრობთ. ანაკლიაში დიდი სახლი გვაქვს, რომელიც 7 წლის წინ საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთეთ და ყოველ წელს მაისიდან ჩავდივართ, ვაწესრიგებთ და უკვე მუდმივი სტუმრებიც გვყავს, ძირითადად, საქართველოდან არის ყველა. წელს მართლა არ ვიცი რა იქნება, ფასების დაწევა მოგვიწევს და გამოვა, რომ მხოლოდ თავის გადასარჩინად ვიმუშავებთ, რათა კლიენტები არ დავკარგოთ. თუ გავაძვირებთ, შეიძლება ვერავინ ჩამოვიდეს. 

ისინი, ვინც წლებია ჩვენთან ისვენებენ, სოციალური ქსელით სულ გვეკონტაქტებიან. მათმა უმრავლესობამ სამსახური დროებით ან სულ დაკარგა და ამ დროის განმავლობაში, ყველას დანაზოგის ხარჯვა მოუწია. ბუნებრივია, ამ პირობებში, დასვენებისათვის არ სცხელათ“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანაკლიაში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა. 

შედარებით უკეთესია ვითარება ბათუმში, კახეთსა  და თბილისში, სადაც დამსვენებლებს ისრაელიდან ელიან და მათ ნაწილს აგვისტოში ჯავშნები უკვე გაკეთებული აქვს, თუმცა ეს მხოლოდ ბრენდულ სასტუმროებს ეხება. 

ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურებსა და ტურისტულ კომპანიების შეეხება, ძირითადად, ჰიგიენური ნორმების დაცვასა და კორონავირუსის რომელიმე სიმპტომის არსებობისას, მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციებს მოიცავს.

„ყველა პირმა, რომელიც გეგმავს მოგზაურობას, უნდა მოიძიოს ინფორმაცია და მიიღოს საჭირო რჩევები პოტენციურ საფრთხეებთან დაკავშირებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც მან აირჩია სამოგზაუროდ. აგრეთვე უნდა მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ შეამციროს დასნებოვნების რისკი მინიმუმამდე და როგორ დაიცვას თავისი ჯანმრთელობა მოსალოდნელი საფრთხეებისგან“, - წერია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×