
აპრილში ყველა კატეგორიის საწვავის იმპორტი შემცირდა. მკაცრი კარანტინის პირობებში მოთხოვნის კლება, როგორც ჩანს, იმპორტზეც ნეგატიურად აისახა. ორკვირიანი კარანტინის გამო აბსოლუტურად გაჩერებული იყო საწვავზე მოთხოვნა. შესაბამისად, იმპორტის დინამიკამ გეზი კლებისკენ აიღო.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, 2020 წლის აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 68,5 ათასი ტონა, რაც 15,9 ათასი ტონით ანუ 18,8%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (84,4 ათასი ტონა) შედარებით და 17,8 ათასი ტონით ანუ 20,6%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. 2019 წლის აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86,3 ათასი ტონა შეადგინა.
რაც შეეხება 4 თვის მონაცემს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ცნობით, 2020 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 312,9 ათასი ტონა, რაც 6,0 ათასი ტონით ანუ 1,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (318,9 ათასი ტონა) შედარებით.
,,მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 32,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8,6 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 36,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9,2 ათასი ტონით ანუ 20,2%-ით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2020 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 23,4 ათასი ტონა, ანუ 72,9%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 8,3 ათასი ტონა, ანუ 25,9%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 0,4 ათასი ტონა, ანუ 1,2%“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის აპრილის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 31,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 18,3 ათასი ტონა (26,7%), რუმინეთი - 7,5 ათასი ტონა (10,9%), ბულგარეთი - 6,1 ათასი ტონა (8,9%); თურქმენეთი - 3,5 ათასი ტონა (5,1%), საბერძნეთი - 1,0 ათასი ტონა (1,5%), ყაზახეთი - 0,7 ათასი ტონა (1,0%), თურქეთი - 0,1 ათასი ტონა (0,2%).
,,ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზი არის კორონავირუსი, რის გამოც მარტის შუა რიცხვების შემდეგ და განსაკუთრებით აპრილში, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის მხრივ მძიმე ვითარება იყო. კარანტინის გამო თითქმის გაჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა, რაც სტატისტიკაზე ნეგატიურად აისახა. გარდა ამისა, ეკონომიკის ძალიან ბევრი მიმართულება ასევე გაჩერებული იყო. ამან გამოიწვია, რომ იმპორტი შემცირდა, მაგრამ საკუთრივ მოხმარებაში კიდევ უფრო მეტი კლებაა.
ტენდენციას ვაკვირდებით და პოზიტიურია, რომ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მართალია, შორს ვართ იმ მდგომარეობასთან, რაც გასული წლის აპრილში იყო, მაგრამ მაისში უკვე ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო აქტიურობაა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო და ეკონომიკაშიც მეტი მოძრაობა შეიმჩნევა. გადაზიდვებიც გააქტიურდა, თუმცა ტურიზმი კვლავ კრიზისშია და აქედან გამომდინარე, სახარბიელო ვითარება არც მაისშია მოსალოდნელი. აპრილი კი არა მარტო წელს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამონაკლისი პერიოდია, როცა ნავთობის მოხმარება კატასტროფულად დაეცა, შეიძლება ითქვას, რომ უჩვეულო სიტუაცია გვაქვს და ამან ბაზარზე რიგი პრობლემა შექმნა“, - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
რაც შეეხება სხვა კატეგორიის ნავთობპროდუქტებს, კლება შეინიშნება სანავთობო ბიტუმის იმპორტშიც. 2020 წლის აპრილში იმპორტმა ამ მიმართულებით შეადგინა 3,5 ათასი ტონა, რაც 3,0 ათასი ტონით , ანუ 46,1%-ით ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან (6,5 ათასი ტონა) შედარებით და 10,8 ათასი ტონით, ანუ 7,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან (10,8 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 85,7% (3,0 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 8,6% (0,3 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 2,9% (0,1 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და 1,1% (0,04 ათასი ტონა) - რუსეთიდან.
როგორც ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია კოვიდ-19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხერხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტი.
კლებაა საავიაციო ნავთის იმპორტშიც, კერძოდ, 2020 წლის აპრილში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 1,0 ათასი ტონა, რაც 5,0 ათასი ტონით, ანუ 83,3%-ით ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან (6,0 ათასი ტონა) შედარებით და 8,2 ათასი ტონით ანუ 89,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით. აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% (1,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში კი საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 19,5 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით, ანუ 36,9%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (30,9 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 75,4% (14,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (2,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 11,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.
საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება ასევე პირდაპირ კავშირშია COVID 19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებასთან.