
კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტი პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 11 დღის გასვლის შემდეგ გარშემომყოფებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელების შემდეგაც გარკვეული პერიოდი რჩება ვირუსის მატარებლად და შესაძლოა გარშემო მყოფები დაასნებოვნოს, სინგაპურის ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის მეცნიერების მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს.
სინგაპურელი სპეციალისტების კვლევის თანახმად, გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი პაციენტების ანალიზები აჩვენებს, რომ მის ორგანიზმში ახალი ტიპის კორონავირუსი არის, თუმცა ამ პერიოდში - 11 დღის გასვლის შემდეგ, ის აღარაა საფრთხის შემცველი გარშემომყოფებისთვის.
მეცნიერებმა განმარტეს, რომ ინფიცირებულების წარმატებული მკურნალობის ბოლო ეტაპზე პაციენტის ორგანიზმში ვირუსის გენომის ნაწილი მაინც ფიქსირდება, თუმცა ის სიცოცხლისუნარიანი უკვე აღარ არის.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ 11 დღის შემდეგ ვირუსის „უსაფრთხოების" შესახებ თეორიაში გამონაკლისებიც არის. კერძოდ, თეორია არ ვრცელდება ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან.
გარდა ამისა, 11 დღის წესი არ მოქმედებს იმ ინფიცირებულების შემთხვევაშიც, რომელთაც, ამა თუ იმ მიზეზით, იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.