
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დროულად წარმოადგინონ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები.
„ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცადებაში.
28 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ კომპენსაციის მიღების წესის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
აპრილში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება. კომპენსაციის ოდენობაა 1 200 ლარი, რომლის გაცემა მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოხდება და ის ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს.