რეზონანსი
20.05.2020

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გართულდა, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის და სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება თავდაპირველად არ მისცეს.

რამდენიმე დღის წინ, როცა ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მხოლოდ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წითელი ჯვრის მეშვეობით, პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოყვანა მომხდარიყო. მილაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში, დღეს, გზაში დაიღუპა.

ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც. მისივე განცხადებით, ჯუმბერ მილაძე საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×