რეზონანსი
20.05.2020

ახლახან რამდენიმე "კანონიერმა ქურდმა" საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც არაერთ კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის გამო მათ სხვა ქვეყნებში გამგზავრება ეზღუდებათ, უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში კი მათი დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხდება. ლაპარაკია იმ კანონიერ ქურდებზე, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს. ამ პირთა უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტებით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს საქართველოს ოფიციალურად აცნობეს, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გადაწყვიტა.

გიორგი ღლონტი, საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი:

"არასოდეს მსმენია, ქურდებს სასამართლოსთვის მიემართოთ უფლებების აღსადგენად. მათთვის მოქალაქეობის ქონა-არქონა არა მგონია დიდ პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან სადაც ცხოვრობდნენ, სხვა ქვეყნებში, ბევრ მათგანს ჰქონდა მოქა­ლაქეობა, ან რაღაც საბუთი, რომელიც აძლევდა იქ ყოფნის საშუალებას. 

ეს ხალხი დიდი ხანია არ ცხოვრობს­ სა­ქართველოში და დაბრუნებასაც არ აპირებს, რადგან ჩვენი კანონმდებლობით "კანონიერი ქურდობა", მკაცრად ისჯება. მათი დაბრუნება არა მგონია ახლა მათთვის უსაფრთ­ხო იყოს. აქედან გამომდინარე, ეს რაღაც ხრიკია ან ვიღაცამ წააქეზა პრეზიდენტი.

რადგან აქტი შედგა, "კანონიერმა ქურდებმა" საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ. ეს კაზუისტიკაა, ასეთი­ რამ არ გამიგონია და შეიძლება პრეცედენტი გახდეს. არც ის მგონია, რომ "კანონიერმა ქურდებმა" საჩივრის შეტანა თავად მოიფიქრეს. ეს ორგანიზებულს ჰგავს და შესაძლოა ყველაფერი ოპოზიციის ხელდასხმითაც ხდება. ოპოზიციამ ისედაც დიდი დრო დაკარგა კორონავირუსის გამო, მათი მუხტი, ცოტა არ იყოს, განელდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც საქართველო წარმატებით ებრძვის პანდემიას. 5-6 თვეში არჩევნები იქნება და ცდილობენ დაძაბონ ვითარება.

ყველაფერი ამოყირავდა, ქურდი ქურდი აღარ არის. თუ ადრე პასპორტებს­ ხევდნენ, ახლა მოქალაქეობას ითხოვენ და პრეზიდენტს ედავებიან. ხვდებით, ეს რა ნონსენსია? თუ ქურდი ხარ, პოლიტიკურ თამაშებში რატომ მონაწილეობ და ხელისუფლებას ედავები? რა გამოდის? საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება, სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება, მერე იქ დანაშაულის ჩადენა და მაფიის სახელით საქართველოს ავტორიტეტის შელახვა უნდათ? ქურდობიდან წასვლა დიდი ცოდვაა, ისევე, როგორც სახელმწიფოსა და სასამართლოსთან ურთიერთობა. მათი კანონი რელიგი­ასავითაა, ქურდული გაგებით ეს უმძიმესი ცოდვაა".

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×