რეზონანსი
19.05.2020

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ წამოსული კრიტიკა მისთვის გასაგებია, თუმცა პრეზიდენტობა არაპოპულარული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებასაც გულისხმობს.

„ეს არ არის ემოციური და სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მართალი გითხრათ, სასიამოვნოს ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი. რაც ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ჩემთვის გასაგებია. ერთ ჩემს ახლობელს ვეუბნებოდი, რომ მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, ალბათ, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე. მეც, ალბათ, ნაწილობრივად ამას ვერ გავიგებდი. პრეზიდენტობა არის არა კომფორტი, არამედ ასეთ პირობებში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, როცა არ ელოდები, რომ საზოგადოება ამას დააფასებს. შეიძლება დააფასოს ან არა, მთავარია, რომ მე შინაგანად, ჩემი სინდისით, ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. ვთვლი, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც საჭირო იყო ამ ქვეყნის დასამშვიდებლად. ახლა სხვებმა ამავე მიმართულებით უნდა გადადგან პასუხსაგები ნაბიჯები და დავინახავთ, ვინ არის ქვეყნისთვის, და ვინ - არეულობისთვის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×