
იყო განცხადებები, საკმაოდ მწვავე, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ იცის. ეს არის განცხადებები პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისა, რომელიც ერთ ოჯახში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არავის უკვირს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტში გაჟღერებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, იყო დადებითი შეფასებებიც, თუმცა მიმდინარე მოვლენების მთავარი შემფასებელი ქართული საზოგადოებაა.
„იყო საპირისპირო განცხადებებიც, რომ შიდა საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ, რომ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება. ერთგვაროვანი არ არის ევროპარლამენტი. მიღებულია შესანიშნავი რეზოლუცია, რომელიც ახასიათებს გამოწვევებსაც და იმ მიღწევებსაც, რომელიც საქართველოს გააჩნია. პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება, გადასალახი სირთულეები არსებობს, მუშაობაა საჭირო და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორად ვიქცევით. მთავარი შემფასებელი და მთავარი რეზოლუციის მიმღები ჩვენი საზოგადოებაა, რომელიც ოქტომბერში შეაფასებს რომელი განცხადება და ქმედებაა მართებული და სწორი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში", - განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიში განიხილეს, რომელშიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.