რეზონანსი
19.05.2020

როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს, ინფექციის სწორი მართვის რეჟიმში სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა. მოგვიწევს, ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა - დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში დამაიმედებელია და ყალიბდება ტენდენცია, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. იქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პროცესის ფრთხილი და პრაგმატული მართვა, რომ არ მივიღოთ გავრცელების ახალი კერები.

„შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოჰყვეს. შეზღუდვების ნებისმიერი ცალკეული მოხსნა, თუ ის სათანადოდ არ იქნება მართული, არ იქნება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ზომები მიღებული, - მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს შესაძლოა, გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროცესის ძალიან პრაგმატული მართვა, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ერთიანი კოორდინაციით. ამას ეფექტურად ახორციელებენ ჯანდაცვის და სხვა მოკავშირე სამსახურები, საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, პარლამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ხოლო 22 მაისიდან კომიტეტების და პლენარული სხდომების ჩატარება განახლდება ჩვეულებრივ, რეგულარულ რეჟიმში.

არჩილ თალაკვაძე შეეხო საგანგებო მდგომარეობის მოხსნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების საჭიროება კვლავ არის, თუმცა საგანგებო მდგომაროების გაგრძელების და ფართო შეზღუდვების ობიექტური საფუძველი ამ მომენტში აღარ არსებობს.​

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×