
„თუ ვირუსი ფართოდ გავრცელდა, ზუგდიდის ჩაკეტვა და კარანტინის გამოცხადება დღის წესრიგში დადგება", - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
„ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში.
პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გადასაწყვეტი.
დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის კლასტერის ყველა კონტაქტი, პრაქტიკულად, ჯერჯერობით არის მიკვლევადი. შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში.
თუ ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციასა და მითითებას გავითვალისწინებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს მოწერელიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია აღებული გამოსაკვლევად.
ამ ნიმუშებიდან რვა არის ტრაილერის მძღოლის კონტაქტი, აღებულ ანალიზებზე პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.