
კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი და ოპოზიციური „კლასტერისთვის", რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა, ეს თემები არ არის საინტერესო, ვინაიდან მათთვის პერსპექტივა ძალიან დაბალია, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა . ის ოპონენტების მიერ შემუშავებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან ბევრი თემაა, რომელიც ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, ეუთო/ ოდირის შენიშვნები არის, ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს ბოლომდეც მივიდა. კონსტიტუციური ცვლილებებია ბოლოს და ბოლოს განსახორციელებელი. მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური „კლასტერისთვის", რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა. არ არის საინტერესო, ვინაიდან პერსპექტივა ძალიან დაბალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ დასახელდება არაერთი მიზეზი იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებზე შეთანხმებას, ეს ზოგადი საუბარი რასაკვირველია, მეათეხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღების მიქცევისთვის არის გამოყენებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.