
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, დღესდღეობით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ცვლილება არ ფიქსირდება.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამოქმედება შესაძლებელი იქნება, თუმცა აუცილებელია მოსახლეობამ სიფრთხილე შეინარჩუნოს და ის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომელთა შორისაც არის დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.
"თუ გადავხედავთ ერთგვარ საშუალო მაჩვენებელს, პლატოზე ვართ, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იცვლება და ის საბედნიეროდ არის ან ერთნიშნა რიცხვის, ან მაქსიმუმ 20-ის ფარგლებში. სცენარის ასეთი განვითარება სავსებით მისაღებია.
შესაძლებელი იქნება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამოქმედება, მაგრამ სიფრთხილე, გააგრძელეთ სიფრთხილე. სოციალური დისტანცირება, დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავება, ხელების ხშირად დაბანა, პირბადის ტარება იქ, სადაც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში მე ველი, რომ ეს შეზღუდვების მოხსნის პროცესი ჩაივლის უმტკივნეულოდ და უმტკივნეულოში ვგულისხმობ, რომ დღევანდელი მდგომარეობა იქნეს შენარჩუნებული," - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.