
“ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები იყვნენ მაჟორიტარულ ოლქებში.
გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ 1-2 კვირის ვადაში ყველა პარტია, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებაშია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მაჟორიტარების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რის შემდეგაც, საუბარი უფრო კონკრეტული გახდება. თუმცა, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ თავად თბილისში გეგმავს მაჟორიტარად კენჭისყრას ოპოზიციასთან ერთად:
მაჟორიტარობას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ბრძოლის წინა ხაზი ახლა მაჟორიტარულ ოლქებზე გადის და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერები ამ ბრძოლაში ერთობლივი ძალებით უნდა ჩაერთონ:
"საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაშია გადასული მოლაპარაკებები ისევე, როგორც ვიმსჯელეთ დღეს, 20 ივნისის სავარაუდო აქციასთან დაკავშირებით, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დრო გვაქვს, რომ საერთო სტრატეგიაზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ.
დარწმუნებული ვარ, გვექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების სტრატეგია. კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არ არის საუბარი, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, თუმცა სად, ამას მოგვიანებით გეტყვით. ყველა უნდა წავიდეს ბრძოლის წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი" - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
დიდი ალბათობით, მაჟორიტარად კენჭისყრას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც ვარაუდობს. მისი თქმით, მისი კანდიდატურა ლოგიკური იქნება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ოლქის დასახელებისგან თავს იკავებს, რამდენადაც სხვა პარტიებთან გეგმავს კონსულტაციების გავლას:
"მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, სხვა პარტიებთან უნდა გავიარო კონსულტაციები" - ამბობს უგულავა.