რეზონანსი
18.05.2020

რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვებს. სავარაუდოდ. ივნისის შუა რიცხვებიდან განაახლებს - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განაცხადეს.

სამსახურის წარმომადგენელმა თამარ დეკანოიძემ აგვიხსნა, რომ რკინიგზაში სატვირთო გადაზიდვები არ შეჩერებულა და დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა სამგზავრო გადაზიდვებისთვის რკინიგზის ტექნიკური შემადგენლობის მზადება უკვე დაწყებულია.

„გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ჩვენი მხრივ, ვმუშაობთ, რომ ტექნიკურად გამართული დავხვდეთ სამგზავრო ხაზის ამოქმედების ნებართვას. ვვარაუდობთ, რომ ყველაზე გვიან მგზავრების გადაყვანას ივნისის შუა რიცხვებიდან შევძლებთ. ჯერ არ მიგვიღია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებიც," - განუმარტა საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ დეკანოიძემ.

მართალია, საქართველოს რკინიგზას მათთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები ჯერ არ მიუღია, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ეს რეკომენდაციები სამგზავრო გადაზიდვებისთვის შემუშავებული საერთაშორისო ნორმებთან იქნება თანხვედრაში. უსაფრთხოების საერთაშორისო ახალი წესების მსგავსად, საქართველოს რკინიგზასაც მოუწევს მგზავრთა დისტანციისა და პირადი აღჭურვილობის უზრუნველყოფა, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ყოველი რეისის შემდეგ.

საქართველოს რკინიგზა მზადყოფნას გამოთქვამს შეასრულოს ყველა მითითება, რომელიც საჭიროა მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, მით უმეტეს, რომ მთავრობამ უსაფრთხო ტურიზმის გახსნა დაანონსა, რომელშიც, რკინიგზის პრესსამსახურის განმარტებით, მატარებლით მგზავრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ტურისტების უმეტესობა, რკინიგზას ყველაზე სწრაფ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევს.

“ Report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×