
სილამაზის სალონები მომხმარებლებს წინასწარი ჩაწერით უნდა მოემსახურონ, ცოცხალი რიგი გამორიცხულია და ეს არის მკაცრი რეკომენდაცია. განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ".
მისი თქმით, ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებაა შესაძლებელი, ხოლო თუ პატარა სალონებში მანძილის შემცირება ვერ ხერხდება, დროებითი შირმის დადგმაა სავალდებულო. ეს ბარიერი დეზინფეციას დაექვემდებარება.
ბექა ფრუიძის განმარტებით, მომხმარებელი სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში პირბადით უნდა მივიდნენ და ეს სავალდებულოა. გარდა ამისა, შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, სადაც ხელებს შესაბამისი წესით დაიმუშავებენ.
რაც შეეხება ტემპერატურის გაზომვას, ეს ტვირთი პატარა სალონებს მოეხსნებათ და იმ სალონებში, სადაც 20-ზე ნაკლები ადამიანი მუშაობს, თერმოსკრინინგის ვალდებულება არ ექნებათ.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში კი, სადაც სისხლთან აქვს შეხება მომსახურე პერსონალს და ასევე, ბიოლოგიური სითხის გაფრქვევის რისკია, სამედიცინო ხალათი და ხელთათმანების გამოყენება აუცილებელია. პირბადე კი 4 საათში ერთხელ უნდა შეიცვალოს, ამასთან, ჰიგიენური ნარჩენებისთვის სპეციალური კონტეინერი უნდა იყოს მოთავსებული, რომელსაც პერიოდულად გაიტანენ.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრები ყველა მიმართულება განაახლებს მუშაობას, მათ შორის მასაჟის კაბინეტი და სოლარიუმი, თუმცა რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით.
„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დასაქმებული დაარღვევს ამ წესებს, დეკრეტი ითვალისწინებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირზე სანქციებს. დღეის მდგომარეობით, ეს არის 3000-დან 15 000 ლარამდე, თუმცა როცა დასრულდება საგანგებო რეჟიმი, ალბათ ეს ტექნიკური რეგლამენტის სახეს მიიღებს. მსჯელობთ რამდენიმე ვარიანტზე და სანქცირების მექანიზმიც ალბათ განსხვავებული იქნება, თუმცა ის პრევენციისთვის თავის ფუნქციას შეასრულებს. მიზანი არის, რომ დავიცვათ თავად კომპანიის წარმომადგენლები და საზოგადოება. ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი და ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, აქ არის თითოეული მოქალაქის, თითოეული ბიზნეს ოპერატორის პასუხისმგებლობა", - განაცხადა ბექა ფერაძემ.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, როგორ იმუშავებს სილამაზის სალონები. ნათია თურნავას თქმით, ამ ტიპის დაწესებულებებში ელექტრონული რიგის სისტემა იმოქმედებს და აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.