
„ხვალ სასულიერო პირები მანქანით მოივლიან ქალაქს და ნაკურთხ წყალს ასხურებს", - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა „ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.
„17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხატთან ერთად მსვლელობა ეწყობოდა ხოლმე ეს ყველამ იცის, მაგრამ წელს ეს მსვლელობაც ვერ შედგა. ხვალ იგეგმება ის, რომ რამოდენიმე მანქანა ქალაქის მასშტაბით სასულიერო პირებთან ერთად მოივლის და ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, ხვალ მართლმადიდებლური ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამასთან 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ამ დღის აღსანიშნავად ემზადებიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან ცისარტყელას დროშა გადმოფინონ.
ამასთან პრაიდის ორგანიზატორებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართეს და მოუწოდეს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს.