
თბილისის საბავშვო ბაღებში პირველ ეტაზე რეგისტრაციას მრავალშვილიანი ოჯახებისა და განსაზღვრული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა შვილებიც შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წარადგინა საკითხი, რომლითაც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში უპირატესი რეგისტრაციის უფლებით მოსარგებლე პირთა წრე იზრდება.
საკრებულოს 2015 წლის დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020 წლიდან რეგისტრაციის უპირატესი წესით ისარგებლებენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; აგრეთვე, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში (რეგისტრაციის პერიოდში) მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვები, ასევე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მშობლის შვილები.
ამ სერვისით აქამდე უკვე სარგებლოდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პატარები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა დედ-მამიშვილები, ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.
თბილისის საჯარო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2020 წლის 12 ივნისს დაიწყება.