
ძალიან კარგი შვილია, კარგი ადამიანია და ეს ყველაფერი რომ ვილაპარაკო, მისი ქება გამომივა, - ამის შესახებ განცხადებას ლევან რატიანის დედა, მარინა გვასალია აკეთებს.
მარინა გვასალიას თქმით, მისთვის ძალიან ემოციურია, როდესაც ლევან რატიანი ტელევიზიით გამოდის და მოსახლეობას კორონავირუსისგან დაინფიცირებული ადანიმების ჯანმრთელობის მდგომარეობას აცნობს.
"ძალიან ვნერვიულობ. რამდენჯერმე ვუთხარი, კორონას თუ გადავურჩი, შენ მომკლავ-მეთქი. ზოგჯერ ისეთი გაბრაზებული ლაპარაკობს, გული მიჩერდება. შენიშვნას და რჩევებს არ ვაძლევ, იმიტომ, რომ ვიცი, მერე ინერვიულებს, განიცდის" - განაცხადა მან.
მარინა გვასალიას თქმითვე, მისი შვილი 2008 წლის აგვისტოს ომში სამედიცინო ბრიგადის წევრი იყო.
"თავდაპირველად არ ვიცოდი, ლევანი ფრონტის ხაზზე თუ შედიოდა, შემდეგ გავიგე, თამუნამ (ლევანის და) მითხრა, დამალვა ვეღარ შეძლო. ის დღეები, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ჩემთვისაც უმძიმესი იყო. "სასწრაფოთი" დაჭრილები გადაჰყავდა. ერთ დღეს ლევანთან ტელეფონით დაკავშირება ვეღარ შევძელით. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ. რა უნდა მეფიქრა? ხომ წარმოგიდგენიათ, შინ როგორი მდგომარეობა გვექნებოდა?! მოგვიანებით, როგორც იქნა, თავად დაგვიკავშირდა. მითხრა, - დედა, აქ ყველაფერი დამთავრდა და მალე წამოვალო. სულ ეს იყო, გავიგე, რომ ცოცხალი გახლდათ. ცხინვალის მისადგომებიდან თბილისში შემოვლითი გზით დაბრუნდა. ჩამოსვლას 7-8 საათი მოანდომა. მისი შინ დაბრუნება ხელახლა დაბადების ტოლფასი იყო", - აცხადებს მარინა გვასალია.
კვირის პალიტრა