
ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის, თამარ სოკოლოვას ინფორმაციით, საავადმყოფოში მკურნალობას 47 პაციენტი განაგრძობს, მათგან დადასტურებული კოვიდ-19-ის 44 შემთხვევაა. მათგან 8 არასრულწლოვანია.
სტაციონარიდან გაეწერა 10 პაციენტი. ამ ეტაპზე ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე ინფიცირებულს აქვს პნევმონია თუმცა არ არის გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. გუშინ მიღებული პაციენტი, რომელიც თეთრი წყაროს კლასტერიდანაა, ჯერჯერობით კვლევებშია, შესაბამისად მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე საყურადღებოა.
საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 61 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და მათ შორის 46 ინფიცირებულია. 3 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ორის მდგომარეობა კი მძიმეა. კლინიკიდან დღეს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. აღებულია 11 მეორადი ტესტი. სტაციონარში არის 2 ორსული კოვიდ ინფიცირებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში 33 კოვიდ ინფიცირებულია. იყო 2 შესაძლო შემთხვევა, თუმცა ინფექცია არ გამოვლინდა და მათ კლინიკა დატოვეს. ერთ ადამიანზე განმეორებითმა ტესტმა სუსტი დადებითი კოვიდი აჩვენა და ის მკურნალობას განაგრძობს. მძიმე პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მათ შორის კრიტიკული პაციენტის მდგომარეობაც.