
იმისთვის, რომ ეს პოზიტიური ტალღა შევინარჩუნოთ ერთადერთი ეფექტიანი გზა არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება საზოგადოებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს.
ის საუბრობს მინიმუმ სამი წესის დაცვაზე, რომელიც შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად უნდა დავიცვათ.
„როდესაც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნება, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ.
საჭიროა იმ ჩვევების შესრულება, რომელიც მოქალაქეებმა გამოიმუშავეს არა როგორც სავალდებულო, ან ჯარიმის შიშით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით.
მინიმუმ სამი წესი მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის:
ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება.
რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები ამით არ შემოიფარგლება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავება. ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და მას, როგორც პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებას ვერ განვიხილავთ.
მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო პანდემიას გაუმკლავდა, როდესაც ეს შეზღუდვები სრული მასშტაბით მოიხსნება და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.