რეზონანსი
12.05.2020

2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი დიპლომატების მონაწილეობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

არჩევნები 120:30-ზე პროპორციით უნდა გაიმართოს

პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება.

საარჩევნო ოლქები

რაც შეეხება საარჩევნო ოლქებს დედაქალაქს 8 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, 22 საარჩევნო ოლქი კი, ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

მინიმალური ბარიერი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% უნდა იყოს.

საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

ჩამკეტი მექანიზმი

იმოქმედებს 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.

თუ პარტია 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.

აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს.

მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას დასჭირდება, როგორც საერთო ხმების 40%-ზე მეტის მიღება, ისე მაჟორიტარული ოლქები შესაბამისი პროპორციით, მოგება.

ვინც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს ეს მექანიზმი პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

მაგალითად, 40.54%-ის მიღების შემთხვევაში, უმრავლესობის დასაკომპლექტებლად, პროპორციულიდან მიღებული 48 მანდატია საჭირო, ხოლო მაჟორიტარული მანდატების მინიმუმ (+- 1-2 მანდატის ცდომილებით. ზუსტი რიცხვი დამოკიდებული იქნება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობასა და მათი განაწილების წესზე)

თუ პარტიამ 40% აიღო და ყველა 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, 75 მანდატზე მეტი ვერ ექნება - ანუ ნახევარზე მეტი ვერ ექნება და ერთპარტიულ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

თუ მაჟორიტარული ოლქების შედეგით, პარტია ზედა ზღვარს სცდება, ის ზედმეტ მანდატებს იკლებს, პროპორციული მანდატებიდან. თუ პარტიამ მიიღო 38% და 30 მაჟორიტარული ოლქი, პროპორციულიდან დაემატება 41 (ნაცვლად 45-ისა) და სულ ექნება 71 მანდატი.

ამ პრინციპის მიხედვით, მაგალითად თუ ნაციონალური მოძრაობა მიიღებს 30%-ს, ევროპული საქართველო 10%, და სხვა მხარდამჭერი პარტიები 5% ს , მაშინ მათ 45%-იანი მხარდაჭერა ექნებათ და დასჭირდებათ მინიმუმ 22 მოგებული მაჟორიტარის მხარდაჭერა, მთავრობის დასაკომპლექტებლად.

ხოლო, თუ მათი ერთობა 38%-ს შეადგენს და 30-ვე მაჟორიტარის მხარდაჭერა ექნებათ, პროპორციული მანდატები, ჩამკეტი მექანიზმის გამო, დააკლდებათ და 71 მანდატს მოიპოვებენ.

მთავრობის დასაკომპლექტებლად 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატებიდან, ჯამში ჭირდებათ მინიმუმ 76 მანდატი.

რიგგარეშე არჩევნები

2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების აღნიშნული წესით ჩასატარებლად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა საჭირო. შეთანხმება, რომელიც 8 მარტს შედგა ორპუნქტიანია.

პირველი - ურთიერთგაგების მემორადუმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ.

მეორე - მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვა, რომელიც შეთანხმების დადების დღიდან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დავის საგანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×