
ჩვენს კლინიკაში ბოლო 4 დღეა კოვიდინფიცრებული პაციენტი არ დაგვმატებია. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„4 დღეა ახალი კოვიდინფიცირებული არ დაგვმატებია, არ მატულობს მათი რაოდენობა. ცხელებიანი პაციენტების რაოდენობამაც შედარებით იკლო, ჩვენი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ რამე საგანგაშო არ ხდება", - განაცხადა გოფოძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე ინფექციის გავრცელების საფრთხე არსებობს, რეკომენდაციები არ უნდა შეიცვალოს.
„ქვეყანა რომ ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდება, ეს ძალიან კარგია და ყველა ველოდებით, რომ ოდესმე ჩვეულად ვიცხოვრებთ", - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.
საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.