
ახალი დეტალები გუდაურში, თებერვალში მომხდარი მკვლელობის შესახებ - მოკლული 28 წლის თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ საქმის ახალ გარემოებებზე მედიასთან ისაუბრა.
ლაშა ტყეშელაძის თქმით, ბრალდებულის ადვოკატებმა დაიწყეს სათვალთვალო კამერის კადრების გავრცელება, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
გარდაცვლილის ოჯახის უფლებადამცველი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
"თუ ჩვენ არ ვიტყვით სიმართლეს, ოჯახი ფიქრობს, რომ დღეს თაზო გორთამაშვილს კლავენ მეორეჯერ. სიმართლე არის კადრებში, რითიც დამტკიცდება, თუ მერაბ კობიაშვილმა როგორ განახორციელა განზრახ მკვლელობა.
როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მართლაც ერთვება ჩხუბში გარდაცვლილი, მართლაც ერთვებიან მეგობრები, მაგრამ მთავარი არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი პროვოცირებულია მერაბ კობიაშვილის," - აღნიშნა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, 16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს განზრახ მკვლელობის მუხლით, ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.