რეზონანსი
11.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას განაცხადა, რომ ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტის სიკვდილის მიზეზი COVID-19 არ ყოფილა.

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ გარდაცვალებამდე პაციენტს ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მისივე თქმით, 81 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ვირუსისგან გამოწვეული დაზიანებები გახდა.

„ამ პაციენტს ვიცნობდით, ბათუმში ყოფნის დროს გავეცანი. იყო ძალიან მძიმედ. ჰქონდა ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება, განსაკუთრებით კომპრომიტირებული გვქონდა ფილტვები და სასუნთქი სისტემა.

საგულისხმოა, რომ ეს პაციენტი აღარ იყო კოვიდ-ინფიცირებული, ის კოვიდისგან განიკურნა. მას ვირუსზე ტესტი ჰქონდა უარყოფითი. მაგრამ, იმდენად მძიმე დაზიანება ჰქონდა ფილტვების, ამასთან, ჰქონდა პლევრიტი და სხვა მთელი რიგი მძიმე დაზიანებები, რომ მისი გადარჩენა, განსაკუთრებით ასაკის გათვალისწინებით ვერ მოხერხდა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს COVID-19-ით საქართველოში მე-11 პაციენტი გარდაიცვალა. 81 წლის მამაკაცი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა.

ამ დროის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 317 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×