რეზონანსი
11.05.2020

სოციალური მომსახურების სააგენტო პირველ განმარტებას აკეთებს, რატომ გადაიყვანეს ჩვილი რეფერალური კლინიკიდან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალშობილის ოჯახი ინფორმირებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოცაგენტებმა საკითხის შესწავლა დაიწყეს. უწყებას კი რისკების შეფასება კლინიკამ სთხოვა.

ერთ-ერთ ვერსიად არასათანადო მზრუნველობა სახელდება. ოჯახს, რომელსაც კიდევ 2 შვილი ჰყავს, სოციალურ სააგენტოსთან შეხება მანამდეც ჰქონდა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბავშვის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადაყვანა, ოჯახში არასათანადო ზრუნვის გამო მოხდა.

სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის მეგი მაღალაშვილის განცხადებით, ოჯახი გადაწყვეტილების შესახებ თავიდანვე იყო ინფორმირებული.

"ეს შემთხვევა ჩვენთან თებერვალში შემოვიდა და მას შემდეგ ჩავერთეთ ამ ამბავში. ოჯახი ინფორმირებული იყო არათუ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ ჩვენ მათ დეტალურად ავუხსენით შემდეგი პროცედურები. ოჯახში რომ დაბრუნდეს ბავშვი, ამისთვის ორმხრივი თანამშრომლობა უნდა შედგეს,"- განაცხადა მეგი მაღალაშვილმა.

პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან შარანგია აღნიშნავს, რომ დედამ საავადმყოფოს ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მიმართა, თუმცა ჩვილის გაწერა ვერ მოხერხდა, რადგან ზონდით კვებაზე იყო და სახლის პირობებში მისი მოვლა შეუძლებელი იქნებოდა.

"მშობლებს და ოჯახს ვინაიდან არ აქვს პირობები, რომ დღენაკლული ახალშობილი მათთან ჯანმრთელობის საფრთხის გარეშე იყოს, სწორედ ამიტომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სოციალურმა სამსახურმა. ბავშვი დაიბადა 900 გრამიანი და გავწერეთ 3.700. ერთადერთხელ მოგვმართა დედამ, თუმცა მაშინ ბავშვს ვერ გავწერდით, რადგან ზონდით იკვებებოდა იმ პერიოდში,"- განაცხადა ქეთევან შარანგიამ.

ოჯახს სოციალურ სამსახურთან შემხებლობა აქამდეც ჰქონდა, მათ კიდევ 2 შვილი ჰყავთ. მეზობლების განცხადებით, ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს ბავშვებს კარგად მოუარონ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახია და ფინანსურად უჭირთ.

ამჯერად სახელმწიფომ ჩვილზე ზრუნვა მხოლოდ დროებით აიღო. იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს და ბავშვზე დამოუკიდებლად ზრუნვას შეძლებს, სახელმწიფო ჩვილს საკუთარ ოჯახს დაუბრუნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×