რეზონანსი
10.05.2020

გასულ კვირას, მუხიანში 15-ე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. მიზეზად ორი განსხვავებული ვერსია სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი მუხიანში, ერთ-ერთ კორპუსში სამუშაოს ასრულებდა, მას ინტერნეტის ხაზი გაჰყავდა და უბედური შემთხვევის შედეგად, აივნიდან გადმოვარდა.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ოჯახი უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.

„თითქოს ინტერნეტის გასაყვანად დაურეკეს და იქ წავიდა, მაგრამ კომპანია საკარანტინო რეჟიმს ითვალისწინებს და დროებით მუშაობა შეწყვეტილია, ამიტომ ეს ვერსია გამორიცხულია. გარდა ამისა, ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე და გარდაცვლილის მანქანაში ოჯახის წევრები წერილს ეძებდნენ. თუ შემთხვევით გადმოვარდა, წერილს როგორ დატოვებდა? ბევრი უპასუხო კითხვაა.

როგორც ვიცით, მისი მობილური ტელეფონიც დაკარგულია. იმედია, გამოძიება ამ ბურუსით მოცულ საზარელ ისტორიას ნათელს მოფენს. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, წესიერი და პატიოსანი. ყველას ძალიან გვატკინა გული", - ამბობს ახლობელი.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები. როგორც ისინი ამბობენ, 38 წლის ა.მ. თვითმკვლელობის მიზნით, კორპუსის მე-15 სართულის აივნიდან გადმოხტა.

„საშინელი ბრახუნის ხმა იყო, თითქოს ბომბი აფეთქდა. კორპუსის ყველა მაცხოვრებელი ფანჯრებს მივცვივდით. ახალგაზრდა მამაკაცი უგონოდ იწვა მიწაზე. როგორც ჩვენმა მეზობელმა თქვა, ის სიგარეტის მოსაწევად აივანზე იყო გასული და დაინახა, როგორ ვარდებოდა ძირს. მეორე მეზობელმა თქვა, ეს ბიჭი ადრეც დავინახეთ, მაშინაც თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ ხმაური რომ ავტეხეთ უკან შებრუნდაო.

იმ კორპუსში ყველას აქვს ინტერნეტი და არავის ჰქონია პრობლემა. მობილურ ტელეფონს ეძებდნენ, მაგრამ სადღაც გამქრალიაო, პოლიციელები ამბობდნენ. ადგილზე არანაირი ინტერნეტის გასაყვანი საჭირო ატრიბუტიკა არ ყოფილა, არც ხელსაწყოები და არც სხვა რამ".

პარიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×