რეზონანსი
10.05.2020

კუმორდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება".

ამ სიტყვებით მეუფე ნიკოლოზი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, ადამიანის დამორჩილებას მოემსახურება.

„რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო. ანუ, ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებასო. ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არცერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ - არა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

„ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე საბამ ქადაგებისას შემდეგი განცხადება გააკეთა: „შემოთავაზებული იქნება ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, დამორჩილებას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×