რეზონანსი
10.05.2020

9 მაისს, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში ტრაგედია დატრიალდა. მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, რის შემდეგაც სახლში შევიდა და თვითონაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა, რასაც მეზობლები კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, გურამ კუკულავასა და მოკლულ თემურ ფოფხაძეს შორის შელაპარაკება და ჩხუბი არასოდეს ყოფილა.

მოკლული და მკვლელი თანაკლასელები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მათ სახლებს ერთი ღობე ჰყოფს. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მან ორი გასროლა გაიგონა, რასაც ქალის განწირული კივილი მოყვა. მოკლული თემურ ფოფხაძის მეუღლე სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდა.

"შეძრული ვარ მომხდარით. გურამი და თემური ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთი ღობე ყოფს მათ სახლებს. თანაკლასელები და ერთად გაზრდილები არიან. 68 წლისანი, მიჭირს იმის დაჯერება რომ გურამ კუკულავამ თემურ ფოფხაძე მოკლა. ვფიქრობ, რომ სანადირო თოფი გაუვარდა და ტყვია მოხვდა თემურს, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა. ეტყობა დაინახა ველოსიპედიდან თემური როგორ გადმოვარდა, იფიქრა, რომ მოკლა და ისე, რომ არც უცდია მასთან ახლოს მისვლა, რომ ენახა მართლა გარდაცვლილი იყო თუ არა, შევარდა თავის ეზოში და სახლის უკან, თავი მოიკლა.

ერთს ნამდვილად გეტყვით, მათ შორის დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. თვითონ მოკლულის ცოლი ამბობს, ვერ დავიჯერებ რომ გურამმა თემური განზრახ მოკლაო.

მე 2 გასროლა გავიგე, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, შეიძლება ითქვას, ზედიზედ იყო ეს ორი გასროლა, ამას მოჰყვა დოდოს - მოკლულის მეუღლის კივილი და ეს სურათი დაგვხვდა. გურამი მარტოხელა იყო, მას ცოლ-შვილი არ ჰყოლია, არც მშობლები და დედმამიშვილები ჰყავს. თემურის ერთი შვილი ჰყავს, რომელიც უცხოეთშია ცხოვრობს. მეზობლები ვართ ჭირისუფალი ორივე ოჯახის, განვიცდით. გურამი არ იყო ის ადამიანი, რომ ვინმე მოეკლა. არ იყო კონფლიქტური. უბრალოდ ნადირობა უყვარდა და ამიტომ ჰქონდა სანადირო იარაღი", - აცხადებენ მეზობლები.

მომხდარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ეს ახლა სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ.

"ველოსიპედით მოდიოდა თეიმურაზ ფოფხაძე და თავისი სახლის წინ, გურამმა ესროლა სანადირო თოფიდან, ამის შემდეგ სახლის უკან მოიკლა თავი. მიზეზი უცნობია და გამოძიება დაადგენს, შესაძლოა რაღაც უსიამოვნება ჰქონდათ კიდეც, რაც გარედან არ ჩანდა, როგორც ჩანს, იყო რაღაც მიზეზი. საქმეში სანადირო თოფი ფიგურირებს, მონადირე იყო გურამი და თოფი გაფორმებულიც ჰქონდა. ორივეს ვიცნოდი, როგორც კარგ ადამიანებს, ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს", - ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×