
თეთრ სახლში ვირუსის გავრცელების ფონზე აშშ-ს ჯანდაცვის სამი ხელმძღვანელი პირი იზოლაციაში გავიდა. ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ინდივიდუალურ კარანტინშია, FDA-ს და CDC-ს ხელმძღვანელები კი სრულ იზოლაციაში იმყოფებიან.
როგორც ფაუჩიმ CNN-ს განუცხადა, იმუშავებს სახლიდან, თუმცა საჭირების შემთხვევაში შესაძლოა სამუშაოდ ოფისშიც მივიდეს, რადგან აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში თანამშრომლები ამჟამად არ დადიან.
ენტონი ფაუჩი იმ ხელმძღვანელი პირების რიცხვშია, რომლებიც კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გადიან და პარასკევს მას უარყოფითი რეზულტატი ჰქონდა.
როგორც ფაუჩი გამოცემასთან ამბობს, მას აქვს კონტაქტის „დაბალი რისკი“ იმ ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოაჩნდა.
არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ ვისთან ჰქონდა ფაუჩის კონტაქტი, თუმცა ცნობილია, რომ პარასკევს ვირუსი დაუდასტურდა თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრივი ჯგუფის პრეს-მდივან კეტი მილერს.