რეზონანსი
09.05.2020

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ. ეს მოხდება საგანგებო მდგომარების ამოწურვისთანავე",- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „გაჩერებული პარლამენტის" შესახებ ოპოზიციის პრეტენზიებს უპასუხა და განაცხადა, რომ მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმში იყო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ოპოზიცია მუშაობის საშუალებას ითხოვს, რაც როგორც მინიმუმ, არადამაჯერებელია.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, პრაქტიკულად, არც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტის ჩართულობის გარეშე არ ყოფილა მიღებული.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის ოპოზიციის დესტრუქციული და რადიკალური ნაწილის წუხილები. სხვათა შორის, მათი კომენტარები ძალიან მოკლევადიანია - როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით, რომ მობრძანდით, მიიღეთ მონაწილეობა პროცესში; ჩაერთეთ კანონმდებლობის შემუშავების და განხილვის პროცესში; ჩაერთეთ დებატებში, მთელი ეს პერიოდი, როდესაც უნდა ემუშავა პარლამენტს და ემუშავათ მათ, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და ახლა, როდესაც კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, ხაზგასმით ვამბობ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, პარლამენტი გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტი მხოლოდ საგანგებო სხდომებს ატარებს.

პარლამენტი მთელი ეს პერიოდი სამუშაო პროცესში სრულფასოვნად იყო ჩართული, თქვენ კარგად ხედავდით, რომ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში, პარლამენტი იყო მაქსიმალურად წარმოდგენილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთავრობას კარგი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ პერიოდში იყო და პრაქტიკულად, არც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტის ჩართულობის გარეშე არ ყოფილა მიღებული.

გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოება ყოველდღე ხედავდა, რომ მაჟორიტარები თავის ოლქებში, რეგიონებსა და რაიონებში, კარანტინით ჩაკეტილ ქალაქებსა და რაიონებშიც კი რჩებოდნენ წინა ხაზზე და მოქალაქეებთან ერთად იდგნენ, ჯანდაცვის სამსახურთან ერთად ორგანიზებას უწევდნენ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ღონისძიებებს, ასევე ჩართული იყვნენ უშუალოდ დახმარების მობილიზებასა და ორგანიზებაში

ჩვენ ვმუშაობდით დიასპორის კომიტეტთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტი მუშაობდა და დღემდე მუშაობს ბავშვების საკითხებზე, რომლებიც პანდემიის გამო შესაძლო რისკის ქვეშ არიან. მუშაობდა ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შესაბამის სტრუქტურებთან. ასევე მუშაობდა საფინანსო კომიტეტი, ეკონომიკური კომიტეტი ეკონომიკურ გეგმებზე" - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×