
მესმის, რომ რისკები დიდია, მაგრამ რაღაცნაირად სიფრთხილითა და სხვადასხვა ზომების დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა ვიფიქროთ, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„კომენდანტის საათი ადმინისტრაციული ღონისძიებაა და მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა თანდათანობით შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, რთულად გადასაწყვეტია.
შესაძლებელია, აქაც გარკვეული რეჟიმი დაწესდეს და დაემატოს ავტობუსები; შეზღუდვები იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანი არ შეგროვდეს ტრანსპორტში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისთვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
ძალიან ძნელია, თითოეულ ადამიანს დავუყენოთ დარაჯი და გავაკონტროლოთ, ამიტომ ისევ და ისევ დისტანცირება, ნიღბის ტარება ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას ეს ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.