
დედაქალაქის მერმა, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში თბილისში შემოყვანილ ელექტროსკუტერებზე ისაუბრა.
კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულმა პროექტმა მოლოდინს გადააჭარბა და სკუტერებით ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი სარგებლობს.
„მქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიის ხელმძღვანელებთან და როგორც ისინი გვეუბნებიან მოლოდინს გადააჭარბა.
დღის განმავლობაში დაახლოებით 22 ათასამდე მოხმარება აქვს, მაშინ როდესაც ვარაუდობდნენ 7-დან 10 ათასამდე მოხმარებას.
როდესაც სიახლე შემოდის ქალაქში არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. ჩვენ რაღაც განსხვავებულს არ ვიგონებთ.
ყველა ვართ ნამყოფი უცხო ქვეყნებში და ვხედავთ, რომ ასეთი სატრანსპორტო საშუალებები ყველა დიდ ქალაქში არის და ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც მიეცემათ.