
„მზიურისა" და კიკვიძის პარკის სახით თბილისს ძალიან მალე ორი განახლებული მწვანე სივრცე შეემატება, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში თბილისის მერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენთვის მწვანე ქალაქი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და სადაც კი ადგილი და შესაძლებლობა მოიძებნება, სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ - ეს შეიძლება იყოს მწვანე საფარი, ხე-მცენარეებით შევსება, სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „მზიურის" სრული რეაბილიტაცია, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და ის ძალიან მალე დასრულდება. თბილისს ქალაქის ცენტრში შეემატება გამწვანებული და განახლებული სივრცე, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს ძალიან დაზიანდა. ასევე პრაქტიკულად დასრულებულია კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ბოლო შტრიხები და მასაც უახლოეს მომავალში გავხსნით. ასევე დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევის პროექტის განხორციელება და ეს აუცილებლად გაკეთდება, ვინაიდან ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად მწვანე სივრცეები სჭირდება", - განაცხადა კალაძემ.
მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის ფინანსური მხარდამჭერი „ფონდი ქართუა". მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ" მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მილიონი ლარის ფარგლებში დააფინანსებს.