
საგარეო საქმეთა მინსტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა. ნინუამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 6 მაისს დაწერა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მიხეილ ნინუამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამბობენ, რომ მან სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო.
"უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების - უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა, რასაც, ყველასთვის ცნობილია, რომ სახელმწიფომ, სამინისტრომ და უშუალოდ მან ღირსეულად გაართვეს თავი.
მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული პროცესის კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ. ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად", - განუცხადეს "ნეტგაზეთს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ნინუა ადამიანური რესურსების მართვის, დიპლომატიური პროტოკოლის, ადმინისტრაციულ, დიასპორასთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს კურირებდა.