
კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია!!!- ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი.
"თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზრდება თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოშიც. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია - ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომ გაზარდოს საკუთარი ბრენდების წარმატება, აფინანსებენ კვლევებს და ცდილობენ მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინონ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად.