რეზონანსი
07.05.2020

პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა მიმდინარე წლის, 14 აპრილს მიიღო წერილი აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერის პროფესორ ენტონი ფაუჩისგან, სადაც მან საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა.

„აღსანიშნავია, რომ ცენტრი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს NIAID/NIH-თან. ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის თანამედრო ტიპის სამსახურის შექმნას და განვითარებას და ზოგადად აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ბიოსამედიცინო დარგში" , - აცხადებს ცერცვაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში პროფესორ Anthony Fauci-ის ინიციატივით, ქ. ბეთესდაში ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის წამყვანი წევრებისათვის სპეციალური მიღება და სამეცნიერო სესია გაიმართა. შეხვედრის მიზანი NIAID/NIH-სა და ცენტრს შორის 20-წლიანი წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო. ზემოთაღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ცენტრის აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში უდიდესი მიღწევების და დამსახურებების მკაფიო აღიარებაა.

შეხვედრის დროს, თენგიზ ცერცვაძემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და აკაკი აბუთიძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილების შედეგებზე და NIAID-თან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი კვლევების ძირითად მიღწევებზე. აგრეთვე ამერიკულ მხარეს გააცნეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი შედეგები. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ქართველ კოლეგებს გააცნო NIAID/NIH-ის სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები. მან მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგებს და ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. მან გამოთქვა რეკომენდაციები მომავალი კვლევების პრიორიტეტების თაობაზე. ამერიკის მხარემ ქართველი კოლეგებისთვის მეგობრული სადილიც გამართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×