
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია კარანტინის პერიოდში ევროპაში ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდის გამო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები მწირია, ევროპის ქვეყნებში ოჯახური ძალადობის შემთხვევები აპრილში 60%-მდე გაიზარდა ამავე პერიოდის წინა წლის მონაცემებთან შედარებით.
„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აცხადებენ, რომ იმ ქალთა მიმართვიანობამ, რომლებიც პარტნიორების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 60%-ით იმატა", - აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.