
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 28 წლის გიგა აბრალავამ თავისი შვილების დედას, 26 წლის სალომე ბოხუას, ყელი გამოჭრა. მკვლელობა სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ მოხდა. იმ დღეს იუსტიციის სახლში ქალიშვილი მამამ მიიყვანა. შეთანხმების მიხედვით, განქორწინების აქტზე მეუღლეებს ხელი უნდა მოეწერათ.
გიგა აბრალავა და სალომე ბოხუა ბოლო რამდენიმე კვირა ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მოკლული ქალის ბებია, დოდო ბაშალეიშვილი იხსენებს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის შვილიშვილს ქმარი შერიგებას სთხოვდა და ემუქრებოდა. მეუღლეების კონფლიქტს ბებია ხშირად შესწრებია.
"10 წელი იყო ჩვენი სიძე და სულ ჩვენთან ცხოვრობდა. ბათუმში რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ. არ მომწონდა, რადგან სულ სვამდა. ჩვენს სახლში მოჰყავდა საძმაკაცო, სვამდა, ღრეობდა, მაგრამ არავინ არაფერს ვეუბნებოდით. შვილიშვილი ბოლოს გამომიტყდა, ბებო, თქვენ რა იცით, ოთახში რომ შევიდოდით, მე რა დღეში მაგდებდაო. ეს რომ მცოდნოდა, არაფრით მოვითმენდი!
მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე რიონის ნაპირას ჩაუყვანია და უთქვამს, აქ ღორივით დაგკლავო. რას ერჩოდა, რატომ აშანტაჟებდა, სიკვდილით რატომ ემუქრებოდა, არაფერი ვიცით. სავარაუდოდ, სრულ ჭკუაზე არ იყო. ორი შვილის დედასთან, რომელთანაც 10 წელი ცხოვრობ, ამ ლექსიკით რატომ უნდა ლაპარაკობდე, ვერ ვხვდები.
მას შემდეგ, რაც არაოფიციალურად გაშორდნენ, ჩემს შვილიშვილს სისტემატურად ურეკავდა. სალომე ეუბნებოდა, თავი დამანებე, არ მაინტერესებს, არ შეგირიგდებიო. ბოლოს ბავშვთან დაურეკავს და უთქვამს, მალე დედაშენს მოვკლავო. ბავშვი აცახცახებული იყო, დედიკო, შენს მოკვლას გეგმავსო. ამას ასე არ დავტოვებთ, ამ გარეწარმა პასუხი უნდა აგოს!", - განუცხადა "სარკეს" დოდო ბაშალეიშვილმა.