
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საქართველოში ეპიდემიის დასრულების შესახებ საკუთარი პროგნოზი გააკეთა. მისი შეფასება მსოფლიო გამოცდილებაზეა დამყარებული.
„თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე წინ არიან 3-4 კვირით, თუ გადავხედავთ სხვა პანდემიების გამოცდილებას, დაახლოებით შიდა გავრცელებიდან 6 კვირის მერე დგება პიკი. შიდა გავრცელებიდან გასულია ზუსტად 6 კვირა. ეს პიკი შესაძლოა გავრცელდეს 2-3 კვირის განმავლობაში, მერე არის ე.წ. პლატო და შემდეგ ნელ-ნელა იწყება უკვე კლება. ეს არის ის კარგი პროგნოზი, რაც შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ და იმედია, რომ ის გამართლდება. ასეთი განცდა მაქვს, რომ მაისის ბოლოს პერიოდიდან - ივნისის დასაწყისიდან ჩვენთან უკვე დაწყებული იქნება ახალი შემთხვევების მყარი კლება და ზაფხულის პერიოდს ბევრად უფრო მშვიდობიანად გავატარებთ", - განაცხადა გოგინავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, საზოგადოებამ სრულფასოვანი ვაქცინის შექმნამდე, მეორე ტალღის შემცირების მიზნით ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვას.