რეზონანსი
04.05.2020

ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რათა მათ მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„ინსპექტირების თვალსაზრისით ჩვენი რესურსი საკმაოდ დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია. პრიორიტეტულია ეკონომიკის დროული ამოქმედება და ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რათა მათ მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მოქმედებს, არამედ ზოგადად, მარეგულირებელ-მაკონტროლებელი ორგანოების სრული მობილიზაციაა გამოცხადებული და საჭიროების შემთხვევაში, ყველას ჩართულობა არის უზრუნველყოფილი, რომ ინსპექტირების პროცესი იყოს დროული და არ იყოს გაჭიანურებული", - განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, პორტალის გახსნიდან ძალიან მოკლე პერიოდში, ანუ 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაახლოებით 5 000-მდე ინსპექტირება განხორციელდა, რაც სისტემის სრული დატვირთვით მუშაობა არ იყო.

„ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი დატვირთვით ვიმუშაოთ", - განაცხადა ბარკალაიამ.

„ამოქმედებული ბიზნესების შემთხვევაში უკვე მოქმედებს სანქცირების მექანიზმი და სანქციები საკმაოდ მაღალია. ეს არის 15 000 ლარი, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული არ ვართ სანქცირებაზე და პირიქით, ვცდილობთ, ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უსაფრთხოების ზომების სწორად დაცვა და შესაბამისად, სანქციების თავის არიდება შეძლონ. სწორედ ამიტომ არის ონლაინპორტალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დამსაქმებელს, დროულად დარეგისტრირდნენ, სანამ ეკონომიკის სექტორი გაეშვება და საშუალება მოგვცენ, მათ დავეხმაროთ - შესაბამისი ინსპექტირება განვახორციელოთ, შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ და მოვამზადოთ იმ პროცესისთვის, როცა ეკონომიკის დანარჩენი სექტორებიც ამოქმედდება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მალე და წინმსწრებით", - განაცხადა ბარკალაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×