
რამდენიმე დღის წინ, სოფელ ყანდაურაში დაკავებულ ძებნილ სპეცრაზმელს, 57 წლის ნოდარ გამყრელიძეს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მას თავდაპირველად დედის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ამჟამად დედის მკვლელობასთან ერთად მას ბრალს საკუთარი ძმის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობაში სდებენ. ის ძალოვნებმა მშობლების იმ სახლიდან აიყვანეს, სადაც ეს საზარელი მკვლელობები მოხდა.
ექსპერტიზით დადგენილია, რომ მკვლელობა ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლით მოხდა, საქმეში ფიგურირებს "გეკო" და ავტომატი. "გეკოთია" მოკლული ელზა ტაველიშვილი, ხოლო დანარჩენები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით.
პოლიციამ თავდაპირველად ნოდარ გამყრელიძის მამა - ომარ გამყრელიძე დააკავა, მას 4 ადამიანის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაში დასდეს ბრალი. მოხუცი ირწმუნებოდა, უდანაშაულო ვარო, მაგრამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიებამ მოხუცს წაყენებული ბრალდებები მოუხსნა და პატიმრობიდან 2000-ლარიანი გირაოთი გაანთავისუფლეს. თუმცა მას ამ დრომდე ცოლის მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ციხიდან გამოსული მოხუცი ამჟამად თბილისში, ბრალდებული შვილის, ნოდარ გამყრელიძის ბინაში ცხოვრობს.
მართალია გამოძიება აცხადებს, რომ დანაშაული გახსნილია და დამნაშავე დაკავებულია, ჯერ არ ჩანს პასუხი მთავარ კითხვაზე - რატომ მოკლა ოჯახის სამი წევრი და ორი მეზობელი ბრალდებულმა ნოდარ გამყრელიძემ. პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი ამბობს, რომ ომარ გამყრელიძე შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სახლში დახვდათ. ახლა იგი არა თუ თავის შვილს არ ამხელს დანაშაულის ჩადენაში, არამედ გასროლის ხმების გაგონებასაც კი უარყოფს მაშინ, როდესაც მის სახლში ერთი ადამიანის, ხოლო სახლის ეზოში ოთხი ადამიანის მკვლელობა მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით.
"რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, საქმის სასამართლოში განხილვის დროს კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობა შეეცვალა გირაოთი.
გამოძიებას მოპოვებული აქვს უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის არის დანაშაულის ჩადენის ორივე ცეცხლსასროლი იარაღი. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრები და ტყვის გულები, ასევე ერთ-ერთი მოკლულის სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულები გასროლილია ამ ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან. ასევე ბიოლოგიური (დნმ) ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ იარაღზე, მასში მოთავსებულ ვაზნაზე და ამავე იარაღიდან გასროლილ მასრაზე არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის ბრალდებულ ნოდარ გამყრელიძეს.
ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას" - განაცხადა ვლადიმერ ბექიშვილმა.
კვირის პალიტრა