
კორონავირუსის გამო საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დროებით დაიკარგა. პოსტეპიდემიურ პერიოდში, ცხადია სამსახურს ბევრი ადამიანი დაუბრუნდება, მაგრამ გაცილებით მეტი იქნება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც წლების განმავლობაში სამსახურის შოვნა გაუჭირდებათ. ასეთი, სპეციალისტების გათვლით, დაახლოებით 400-450 ათასი ადამიანი იქნება. ეს მაშინ, როცა დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ოფიციალურად 1,7 მილიონს არ აჭარბებს. გამოდის, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი სამუშაოს გარეშე რჩება.
ცხადია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს უმუშევრობის რისკი დიდია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში. დღეს ისინი ღრმა კრიზისში არიან და ჩიხიდან გამოსავალს ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენებით ცდილობენ.
,,ტურიზმზე ჩამოკიდებული ქვეყნების კრიზისი გაცილებით ღრმა და მასშტაბური იქნება პოსტეპიდემიურ პერიოდში. ტაილანდი რომ ავიღოთ, ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონე ეპიდემიამდე 0,18% იყო. მას შემდეგ, რაც პანდემია იფეთქა მსოფლიოში და ტურისტებმა მოძრაობა შეწყვიტეს, ვარაუდობენ, რომ ტურიზმი შენარჩუნდება 22%-ის დონეზე და ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაეცემა. ტაილანდის მსგავსად, დიდი დანაკარგი მიიღო ესპანეთმა, ყოველწლიურად ტურისტული ინდუსტრია ეკონომიკაში ტოვებდა 68 მილიარდ დოლარს , იტალიაში - თითქმის 45 მილიარდ დოლარს და წარმოიდგინეთ, ამდენი შემოსავალი რომ მოაკლდება, ძალიან მძიმე მდგომარეობასთან გვექნება საქმე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ.
სერიოზული პრობლემაა აშშ-შიც. შრომის დეპარტამენტმა ამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ უმუშევრობაზე კომპენსაციის მისაღებად კიდევ 3.8 მილიონმა ადამიანმა მიმართა. უახლესმა განაცხადებმა უმუშევართა საერთო რაოდენობა ბოლო ექვს კვირაში 30.3 მილიონამდე გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შტატმა ბიზნესს მუშაობის საშუალებ მისცა და პრეზიდენტი ტრამპიც ეროვნული ეკონომიკის ენერგიულად ამუშავებას ცდილობს.
რაც შეეხება საქართველოს, სოსო არჩვაძის გათვლით, 6 თვეზე მეტხანს თუ არ გასტანს ეპიდემია, უმუშევართა რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 450 ათასს, ანუ თუკი მანამდე 250 ათასი უმუშევარი იყო, კორონავირუსის გამო ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდება. თუმცა, ახლა მასშტაბები გაცილებით მეტია.
,,საქართველოში სამუშააო ადგილები სწრაფად იკლებს და ძველი დონის მიღწევას კიდევ დიდი ხანი დასჭირდება. მსოფლიოში შემცირებულია გადაადგილება, საავიაციო ტრანსპორტში მასშტაბური კლებაა, ავიარეისების რაოდენობა 87%-ით დაეცა. მთავრობამ ჩადო რესურსი დახმარებისთვის, მაგრამ ეს პრობლემას მცირედით მოაგვარებს. უმუშევრობის მაჩვენებელი გვექნება საკმაოდ მაღალი. ისედაც 240 ათასი უმუშევარი იყო ქვეყანაში და იმ შემთხვევაში, თუკი 6 თვეზე მეტხანს არ გასტანს ეპიდემია, უმუშევართა რაოდენობა მიაღწევს 450 ათასს“, - აღნიშნა არჩვაძე.
რაც შეეხებ დასაქმების სტრუქტურას, სტატისტიკოსის განმარტებით, სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი მოდის კერძო სექტორზე, საჯარო სექტორის წილად მათი რაოდენობა 20%-დან 25%-მდეა.
,,როგორც წესი, კერძო სექტორი არის ორკომპონენტიანი, ერთი - უშუალოდ საწარმოო სექტორი და მეორე - მომსახურების სფერო. აქამდე აქცენტს ვაკეთებდით სამეწარმეო სექტორში დასაქმების შემცირებაზე, რეალურად კი მომსახურების სექტორში გაცილებით მეტი დასაქმებულია. 2012 წლის შემდეგ ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის 72% მოდიოდა მომსახურების სექტორში ადგილების მატებაზე, დანარჩენი 28%-ში იგულისხმება სამეწარმეო სექტორიც და საჯაროც.
ახლანდელ პირობებში, როცა მთელი რიგი მომსახურების სფერო გაჩერებულია (სასტუმრო ბიზნესი, სასტუმრო, სარესტორნო, ავიაცია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, საპარიკმახეროები და სხვა), დასაქმების მხრივ მდგომარეობა ძალიან რთულია. მართალია, გარკვეულ პერიოდში დაიწყება ეკონომიკის ამუშავება, მაგრამ საშუალო წლიური დანაკარგი მაინც დიდი იქნება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და გაეროს წელს სამუსაო ადგილებთან დაკავშირებით პროგნოზი 3-ჯერ გაზარდეს და ახლა ამბობენ, რომ 305 მილიონზე მეტი ადამიანი დაკავრგავს სამსახურს. უმუშევრობა გლობალურ პრობლემად იქცა და საქართველოსაც ამ მხრივ რთული გამოწვევა ელის“, - განაცხადა არჩვაძემ.
უმუშევრობის მასშტაბურ ზრდას ელოდება ეკონომისტი რამაზ გერლიანიც, რომლის შეფასებითაც, ეკონომიკა სტაგნაციაშია შესული და დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენის შესაძლებლობა ქვეყნისთვის დაბალია.
,,ტურისტული დარგი, რომელიც საქართველოში მოქალაქეების ძირითადი დამსაქმებელი იყო, გაჩერებულია. ამან გავლენა იქონია სხვა სფეროებზე, გაჩერდა მომსახურების სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, გაყიდვები და სხვა. ჯამურად მაქსიმუმ 450 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, თუმცა ეპიდემია რომ გადაივლის, სწორი პოლიტიკით მალე შემობრუნდება მდგომარეობა და სხვა სფეროებში გადაინაცვლებს ეს ხალხი, შესაბამისად, უმუშავართა რაოდენობა შემცირდება. ამ შემთხვევაში თვითდასაქმებულებს არ ვგულისხმობ, ისინი ყველაზე მარტივად შეძლებენ სამუშაოს შენარჩუნებას და კრიზისის გადატანას, მაგრამ მომსახურების სეგმენტი, განსაკუთრებით გაყიდვების მიმართულება, იზარალებს.
შეზღუდვები როცა მოიხსნება, ნელ-ნელა დავადგებით გამოცოცხლების გზას. ალბათ დროთა განმავლობაში გამოვალთ სტაგნაციიდან და 2 წელიწადში გვექნება სიტუაცია, რაც ეპიდემიამდე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობა გველის“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გერლიანმა და დასძენს, რომ დიდი სამუშაოა გასაწევი ინვესტიციების მიმართულებით, რომ ქვეყანა ჩიხიდან როგორმე გამოვიდეს. აუცილებელი იქნება ახალი კონტაქტების მოძებნაც.