რეზონანსი
04.05.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ პაციენტების ნაწილი, რომელთა მკურნალობისთვის პრეპარატ "პლაქვენილს" იყენებდნენ, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ პაციენტებში პრეპარატით გამოწვეული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „პლაქვენილს" არ ვიყენებთ მსუბუქ და საშუალო მდგომარეობის პაციენტებთან. ამ პრეპარატს ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, ვისთანაც შედარებით მძიმე მდგომარეობაა, დადასტურებულია ორმხრივი პნევმონია დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით. ასეთ შემთხვევებში „პლაქვენილს" ვიყენებთ იმ სქემის მიხედვით, რომელიც რეკომენდირებულია. რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც გამოვიყენეთ ეს პრეპარატი, გამოჯანმრთელებული გაეწერა. მასზე გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა ჩვენთან" -განაცხადა გოფოძემ.

როგორც ლევან გოფოძე აღნიშნავს, ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები, მათ შორის „პლაქვენილსაც", თუმცა ამ პრეპარატზე ხელაღებით უარის თქმა ან პირიქით, ყველა პაციენტზე მისი გამოყენება, არ შეიძლება.

„ამ „პლაქვენილზე" დიდი ამბავია ატეხილი მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორც ბატონმა თენგიზ ცერცვაძემაც არაერთხელ განაცხადა, FDA-ს არ ამოუღია იგი მკურნალობის სქემიდან. გარდა ამისა, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ ამ მედიკამენტის კვლევა დაიწყეს, როგორც საპროფილაქტიკო, პრევენციული მედიკამენტის თვალსაზრისით. ამიტომაც ასე ხელაღებით მასზე უარის თქმა ან ყველა პაციენტთან გამოყენება, არ იქნება სწორი. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მედიკამენტოზურ ჩარევას", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×