
თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 5 პაციენტი. გუშინ გადმოვიყვანეთ ერთი პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში, ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტით. ამ ეტაპზე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან", - განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კოვიდინფიცირებულ ორსულს, რატიანის ინფორმაციით, როგორც პაციენტის, ასევე ნაყოფის მდგომარეობა გართულებების გარეშეა.
მისი თქმით, სტაბილურია ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობაც.
„დადასტურებულია ორსული შემთხვევა, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, ვიტალური ფუნქციები, როგორც ნაყოფის, ისე დედის, შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ანუ, გართულებების გარეშეა", - განაცხადა რატიანმა.