
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა. ოჯახისთვის უცნობია, საიდან დაინფიცირდნენ, რადგან 83 წლის კაცი, რომელსაც კიდურები არ ჰქონდა, სახლიდან არ გადიოდა.
კლინიკაში მასთან ერთად მისი მეუღლეც გადაიყვანეს.
მთელი ოჯახი იყო დაინფიცირებული.
დღეს გარდაცვლილი კაცის შვილთან, ნინო პავლიაშვილთან „პრაიმტაიმმა" ინტერვიუ 14 აპრილს ჩაწერა. ნახეთ ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან, როცა ის მისი მშობლების შესახებ გვიყვება:
„მამა 9 აპრილს წავიყვანეთ და 11 აპრილს დაუდასტურდა, ამ დროს დედაჩემი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში სხვა დიაგნოზით მკურნალობდა, მას თავდაპირველად სწრაფი ტესტით ვირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ როდესაც მამაჩემს დაუდასტურდა, დედაჩემსაც ლუგარმა აუღო ტესტი და ისიც ინფიცირებული აღმოჩნდა, შემდეგ იყო ჩემი 9 წლის შვილი და 4 წლის შვილიშვილი".
ჩვენთან საუბრისას ინიფიცირებული ცოლ-ქმრის შვილი ამბობდა, რომ ვირუსი მის 9 წლის შვილს და 4 წლის შვილიშვილსაც აქვს, პირადად მას და მის მეორე, 24 წლის შვილს კოვიდინფექცია არ დაუდგინდათ.
ჩვენთან საუბრისას, ქალი არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა მან კორონავირუსი ისე გადაიტანა და გაავრცელა, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.
„დედა რეანიმაციაშია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მამასთან ერთად. დედა მართვით სუნთქვაზეა, მამა - არა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა. მე ეხლა ჩემს პატარა 9 წლის გოგოსთან და 4 წლის შვილიშვილთან ერთად ვარ ინფექციურ საავადმყოფოში, მათაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. მე და ჩემს უფროს 24 წლის გოგოს კი კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა.
ინფიცირების წყარო ჩვენთვის ცნობილი არ არის, თავდაპირველად მე მქონდა სიცხეები, მაგრამ არ მქონდა ისეთი სიმპტომები, ეჭვი კორონავირუსზე რომ მიეტანათ.
25 მარტიდან დამეწყო სიცხე. 27-ში გამოვიძახე სასწრაფო, მაგრამ მითხრეს მესამე დღე არის სიცხის და პოლიკნინიკაში იმკურნალეო, არ გაქვს ვირუსის მსგავსი სიმპტომებიო.
მოვითხოვე საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან არ მინდოდა სიცხიანს პოლიკნინიკაში მევლო. ბოჭორიშვილის კლინიკაში დარეკეს და უარი გვითხრეს ამ სიმპტომებით მიღებაზე.
იმ დღესვე წავედი პოლიკნინიკაში, გამიკეთეს ანალიზები, სისხლში მქონდა ერითროციტები მომატებული და ექიმმა მითხრა მარილების ბრალი იქნებაო.
იმ კვირაშივე რენტგენიც გავიკეთე, რადგან სიცხეები მქონდა. არაფერი აღმოჩნდა ფილტვებში. ახლა უკვე ჩამიტარეს ლუგარის ტესტი, მას შემდეგ, რაც მამაჩემს დაუდასტურდა. მოვიდა პასუხი, რომ მე და ჩემ უფროსს შვილს არ გვაქვს ვირუსი.
ჯერ დედა გადაიყვანეს საავადმყოფოში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში, 6 აპრილს სიცხე არ ჰქონდა. 9 აპრილს მამა წავიყვანეთ, ორივე მძიმე ავადმყოფია, ინსულინზე დამოკიდებული. მამას ჰქონდა სიცხე იმ დღეს, როცა წავიყვანეთ. წინა დღეს, როცა დაეწყო ხველა, მივეცი წამლები და ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან, გულის უკმარისობა აქვს. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე დამძიმდა.
პირველი მამაჩემს დაუდასტურდა კორონავირუსი, გუშინ ოჯახის ექიმმა დამირეკა, შენ არ გექნებოდაო მეუბნებიან. ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მე ვიყავი ინფიცირების წყარო, მამაჩემი გარეთ არ გადიოდა, ფეხები არ აქვს. არ ვიცი, მოვითხოვე ეხლა რომ ანტისხეულებზე გამიკეთონ ანალიზი, რომ გავიგო საბოლოოდ მე გადავიტანე თუ არა კორონავირუსი. თუ მე არ გადამიტანია მაშინ შეიძლება პატარა შვილი გამხდარიყო ინფიცირების წყარო, მე ვარაუდით ვამბობ. მაღაზია გვაქვს ოჯახს, სადაც დავდიოდით ხოლმე, ჩემ პატარა გოგოს ვაგზავნიდი ხშირად, შეიძლება ლიფტიდან დაინფიცირდა. მე რომ სიცხე მქონდა, ჩემი 24 წლის გოგო მუშაობდა მაღაზიაში, შემცვალა.
პირველ დღეს, როცა სიცხე მქონდა, დილით ჩავედი, გავაღე მაღაზია ორი საათი ვიმუშავე, იმის მერე ჩემი გოგო მუშაობს. მე მხოლოდ პოლიკნინიკაში დავდიოდი, იქაური ექიმები იზოლაციაში არ არიან, ეს ყველაფერი ხდება გლდანში მეხუთე მიკრორაიონში. მე საბითუმოში და მარკეტებში დავდიოდი, სანამ სიცხეს მომცემდა.
სანამ მე სიცხე მექნებოდა, კიდევ უფრო ადრე, მამაჩემი იყო ცუდად და გამოვაკეთეთ, ანტიბიოტიკებს ვაძლევდი. ხველას რომ დააწყებინებს ხოლმე ფილტვები ურთულდება. მერე მომცა მე სიცხემ, როგორც გითხარით ტესტი არ გამიკეთეს, შემდეგ მამა ისევ ცუდად გახდა და კორონავირუსი პირველად მას დაუდასტურდა.
როცა იწყებოდა კრიზისი, დავდიოდი საბითუმოებში პროდუქტებს ვიმარაგებდი მაღაზიისთვის. მე 25 მარტს მომცა სიცხემ კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ არ იყო დაფიქსირებული არც ფულით გადადება. არ ვიცი ვისგან დაინფიცირდა ჩემი ოჯახი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც არ იცის, საიდან დავინფიცირდით", - ამბობდა ინფიცირებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
წყარო: პრაიმტაიმი