
კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 თანამშრომლიდან, 21 ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმია, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა.
როგორც გოგიტიძე განმარტავს, სასწრაფო დახმარების ინფიცირებული ექიმების უმეტესობა სწორედ ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. მისივე თქმით, ექიმების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„დაინფიცირებულების აბსოლუტური უმრავლესობა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ბოლნისის კლასტერიდან დღევანდელი მდგომარეობით, სასწრაფოს 21 თანამშრომელი გვყავს დაინფიცირებული. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მათგან 5 ადამიანს საკრანტინო პერიოდის გასვლის დროს, ტესტირების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. ინფიცირებული გვყავდა ასევე თბილისის სასწრაფოს თანამშრომელი, რომელიც გასული თვის დასაწყისში დაინფიცირდა, ის ამჟამად გამოჯანმრთლებულია, თავს კარგად გრძნობს და სახლშია გაწერილი. ამჟამად დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს გოგოიტიძე.
კითხვაზე, მედიკოსები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდნენ, თუ სხვა დროს, ამირან გოგიტიძე პასუხობს, რომ ბოლნისის შემთხვევაში, ეს ზუსტად დადგენილი არ არის.
ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ერთ-ერთი დაინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი სხვადასხვა კლინიკაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულდება.
ცნობისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 ინფიცირებული ექიმიდან ერთი გამოჯანმრთელებულია.