რეზონანსი
30.04.2020

 29 აპრილს, აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საქართველოს საელჩომ სახმელეთო გზით საქართველოს 75 მოქალაქის სამშობლოში ტრანსპორტირებას ორგანიზება გაუწია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 24 აპრილს, საელჩომ ასევე უზრუნველყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი, საქართველოს 35 მოქალაქის ტრანსპორტირება სამშობლოში სახმელეთო გზით.

„ასევე აღსანიშნავია, რომ, დღეს თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ავტობუსით, ანტალიიდან სტუდენტები და ანტალიაში მომუშავე ახალგაზრდები სამშობლოში გამოემგზავრნენ.

აგრეთვე, ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით,ასევე თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, 28 აპრილს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა 5 ქართველი მეზღვაურის თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება.

აღსანიშნავია,რომ თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ფარგლებში, უცხოელ მეზღვაურებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა. ამის მიუხედავად,ანკარაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამონაკლისის სახით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

ამ პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის საგარეო საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროები.

2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე"- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×